4 თებერვალს სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კიბოს, სიკვდილის მიზეზების მიხედვით, მსოფლიოში წამყვანი ადგილი უკავია. სიმსივნური დაავადებების, როგორც კაცობრიობის უდიდესი გამოწვევის მიმართ მეტი ყურადღების მისაპყრობად, ეს დღე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა დააწესა. 2016–18 წლებში კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის სლოგანი იქნება – „ჩვენ შეგვიძლია, მე შემიძლია“.
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირმა 2005 წელს დააფუძნა და ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველ წელს რიგი ღონისძიებები იმართება.
შეგახსენებთ, ადამიანის კიბოთი დაავადებას იწვევს ორგანიზმში უჯრედების არაკონტროლირებადი და უწესრიგო გაყოფა, რაც დღემდე ამოუხსნელი ფენომენია. სხეული უამრავი სახეობის უჯრედისგან შედგება, რომლებიც ჩვეულებრივ, იზრდება, იყოფა და ახალ უჯრედებს წარმოშობს, როდესაც ეს ორგანიზმს ესაჭიროება. კიბოს წარმოშობას ადგილი აქვს, თუკი უჯრედებში გრძელდება გაყოფის პროცესი მაშინ, როცა სხეულს ეს დამატებითი უჯრედები არ სჭირდება. ზედმეტმა უჯრედებმა შესაძლოა, წარმოქმნას სიმსივნე -კიბო — ეს არის ზოგადი დასახელება 100-ზე მეტი დაავადებისა, რომელსაც სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეუძლია განვითარება.
კიბოს ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპები მამაკაცთა და ქალთა შორის ერთმანეთისგან განსხვავდება. მამაკაცებს შორის ყველაზე ხშირია ფილტვის, კუჭისა და პროსტატის სიმსივნე. ზოგიერთ ქვეყანაში პროსტატის კიბო პროცენტულად პირველ ადგილზეა. ქალებში ყველაზე ხშირია სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს კიბო, ბავშვთა ონკოლოგიაში დიაგნოზების უმეტესობა სისხლისა და ლიმფური სისტემის ავთვისებიან დაავადებებთან არის დაკავშირებული, ან სოლიდური სტრუქტურის ავთვისებიან სიმსივნეებთან, უპირველეს ყოვლისა — სარკომასთან.
ძირითად მიზეზებს შორის, რომლებიც კიბოთი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს, სტატისტიკის მიხედვით, პირველ ადგილზეა არასწორი კვება — 35%-მდე. მეორე ადგილზეა თამბაქოს მოხმარება — 32%-მდე. ასევე, ზედმეტად არ უნდა გავირუჯოთ, არ მივიღოთ პროდუქტები კონსერვანტებით, საღებავებით,ემულგატორებით და რეგულარულად მივმართოთ ექიმს.
კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას ამ დაავადების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების შემცირება შესაძლებელია. კიბოს ადრეული გამოვლენის ორი ხერხი არსებობს — ადრეული დიაგნოსტირება და სკრინინგი.
ონკოლოგების მონაცემებით, ადრეულ სტადიაზე მკურნალობას თითქმის ყველა სიმსივნე ემორჩილება, თან 99% შემთხვევაში მათი განკურნება ქირურგიული გზით არის შესაძლებელი.
თერაპიას ასევე კარგად ექვემდებარება შედარებით განვითარებულ სტადიაზე საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების, მამაკაცთა სქესობრივი სფეროს, თავისა და კისრის სიმსივნეები, ლიმფომები.
50 წლის ზევით თითოეულმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიმართოს ონკოლოგს. ქალმა უნდა მიაკითხოს გინეკოლოგს, პროქტოლოგსა და მამოლოგს, მამაკაცმა უნდა გაიკეთოს ფილტვის რენტგენი, გამოიკვლიოს კუჭი, მსხვილი ნაწლავი და პროსტატა. ეს გამოკვლევები ონკოდაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში ეხმარება.
ონკოლოგების მონაცემებით, კიბოს ადრეულ ეტაპზე მკურნალობისას 10 წლით სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელი 95%-ს აღწევს.
დღეს ექიმთა არსენალში ონკოლოგიური დაავადებების თერაპიისთვის ყველა თანამედროვე ტექნოლოგიაა. მაგრამ მკურნალობისას წარმატების მისაღწევად პაციენტი უნდა ენდოს ექიმს, არ მიმართოს თაღლითებს, შარლატანებს, რომლებიც მისი უბედურებით სარგებლობენ. დღეს კიბო განაჩენი არ არის — ესაა დაავადება, რომელსაც შეიძლება გაუმკლავდე, რომელიც შეიძლება განიკურნოს.
საქართველოში ფინანსური პრობლემა, კიბოსთან ბრძოლის გზაზე დღეისათვის, მიუხედავად სახელმწიფო პროგრამებსისა და ფონდების აქტიურობისა, მაინც აქტუალურია, ამიტომ ქველმოქმედება, დონაცია პაციენტთა დასახმარებლად კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია.
ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ კიბო, ჩვენ ეს ერთად შეგვიძლია, შემოგვიერთდი! აღნიშნე ეს დღე ჩვენთან ერთად და გადაარჩინე სიცოცხლე!
გთხოვთ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ აქვე, ჩვენი ვებგვერდიდან, ღილაკით "დონაცია"