ელენეს შესახებ მისი გმირი დედა გვიყვება: 31 დეკემბერს დაუსვეს ელენეს ლეიკემიის დიაგნოზი. 2019 წლის დადგომას საავადმყოფოს პალატაში გადასხმებზე შეერთებულ ელენესთან ერთად შევხვდი. ორი პროცენტი სოცოცხლის შანსი, რისკი რომ პირველივე ქიმიაზე დავკარგავდი შვილს...
ელენეს პირველი ქიმია და მესამე შვილის დაბადება ერთ დღეს დაემთხვა, საკეისრო ოპერაციას დროს ტელეფონის ხელში მეჭირა და შიშით დავყურებდი. იმ დღემ კარგად ჩაიარა, ჩემმა გოგომ თითქმის უპრობლემოდ გადაისხა პირველი ქიმია, მეორე, მეათე, მეასე და ასორმოცდამეათეც. მისმა კულულებმა ცვენა რომ დაიწყო მეორედ გული მაშინ მომიკვდა. საშინელი ერთი წელი კლინიკის კედლებში გავიდა, გაგვწერეს საავადმყოფოდან და გვეგონა ყველაფერი წარსულში დარჩა, თუმცა 6 თვის შემდეგ უფრო ძლიერად შეუტია კიბომ ჩემი შვილის ნაომარ ორგანიზმს. რეციდივი დადგა… საქართველოში ყველანაირი შანსი ამოწურული გვქონდა. . წავედით თურქეთში, რეანომობილით 20 საათი ვიმგზავრეთ. 40 სიცხით ელენეს მთელი გზა ეძინა. მის სუნთქვას ვუსმენდი, ცხვირთან თითს ვადებდი და გულს ყურს... როგორც იქნა მიილია ეს გზაც და შეგვიყვანეს კლინიკაში, იმდღესვე პალატაში მოგვათავსეს, მძიმე პაციენტიაო, იმედს ვერ მოგცემთო, მაგრამ ვცადოთ, რა გამოვაო... ისევ გადასხმები, ქიმიები, სხივები, ვუყურებ და ყელში ბურთი მახრჩობს, ის ისეთი პატარაა, ამხელა ტანჯვისთვის არ მემეტება, ერთმანეთს ვამხნევებთ. ყოველდღე ველოდები ექიმის შემოსვლას და კარგი ამბავს. გადანერგვის დღეც დადგა. იზოლირებულ პალატაში 20 დღე გავატარეთ. ვხედავ, როგორ იტანჯება და არაფერი შემიძლია, დაპირებების გარდა. გადასმის წვეთებს ვითვლი, გულისცემას ვაკვირდები. მთელი ღამე მისი ხელი მიჭირავს და თითით პულსს ვუსმენ. 2 წელი და 6 თვე, სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვა. უკვე მეორედ. ჩემი და ჩემი შვილის ძვლის ტვინი ერთმანეთს 99%-ით შეეთავსა. ჩვენ ახლა უფრო მეტად ერთნი ვართ, გავიმარჯვეთ, თუმცა ბრძოლა არ დამთავრებულა, ახლა უპირატესობა გვაქვს და. გამარჯვებამდეც ცოტა დაგვრჩა. ყოველი დღე იწყება შიშით, ბევრს იძინებს თუ ცოტას, ბევრს შეჭამს თუ ცოტას, ოდნავ თუ წამოახველა, რამე წამოსტკივდა, შინაგანი პანიკა მეწყება. ვუყურებ და ვფიქრობ, რამხელა ძალა აქვს, რამხელა სიცოცხლის წყურვილი რომ ასე ძლიერად იბრძვის. მისი პატარა სხეული იმდენს უძლებს, ვერც კი გამოვხატავ და ვერც კი ჩავწვდები ბოლომდე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცხოვრება სხვანაირად გადავაფასე. არაფერია ამ ცხოვრებაში ღირებული შვილების ჯანმრთელობის გარდა. არ დაიწუწუნოთ, თუ მათ არ აქვთ ძვირფასი ნივთები, ბევრი სათამაშო ან ტანსაცმელი. მთავარია, ჯანმრთელი გყავთ და იყავით უფლის მადლიერი ამის გამო. არასდროს დამიკარგავს იმედი, სულ მჯეროდა, რომ ხვალ უკეთესი დღე დადგებოდა და დადგა კიდეც.და ბოლოს, ყველა გამოწვდილი ხელი მახსოვს ამ 6 წლიან გზაზე. ვინც ახლა ამ გზას გადიხართ, რწმენა არასდროს დაკარგოთ, არ დაიღალოთ, რწმენა ყველაზე დიდი იარაღია ამ ომში. გახსოვდეს, შენი განწყობა გადადის შენ შვილზე და აძლევს ძალას, რომელიც მთავარი იარაღია ამ ბრძოლაში..."
ელენეს ინტენსიურად ესაჭიროება კვლევების ჩატარება, მკურნალობა, მედიკამენტები, ფონდი შეძლებისდაგვარად უწევს ფინანსურ დახმარებას, ბილეთებით, კვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსებით.