იცით რამხელა ძალა აქვს ერთ დღეს, ერთი ტელეფონის ზარზს ან ერთ სიტყვას? გიფიქრით, რომ ერთ „მშვენიერ“ დღეს თქვენი ცხოვრება შეიცვლება? შენს ცხოვრებაში შემოიჭერება „სიახლე“, რომელიც სწრაფად იქცევა ჩვევად. პანიკა მოგიცავს, შენს მთელ არსებას დაეუფლება, მარტო დარჩენილს შიში შეგიპყრობს.
შეგეშინდება ყველაფრის: სიცოცხლის, სიკვდილის, სიყვარულისა და უსიყვარულობის. ამოგაცოცდება, დაგიპყრობს, აირჩევს საუკეთესო ადგილს შენში და დაბინავდება. სხვებს შეეცოდები, იტირებენ, პანიკაში ჩავარდებიან, გაგამხნევებენ, იმედის მომცემ სიტყვებს გეტყვიან, ბოლოს დაიღლებიან და წავლენ. შენთან მხოლოდ ის ადამიანები დარჩებიან ვისაც შენი მომავალი და შენ აღელვებ.
მოიკრებ ძალებს, შემოიკრიბავ მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს და დაიწყებ ბრძოლას. ეს ბრძოლა არ იქნება ხმლით, შუბით, ფარით ან ცეცხლსასროლი იარაღით, არამედ შენი გონებით, იმედით, გამბედაობითა და სიმტკიცით. ძნელი იქნება, ძალიან ძნელი. მოგიწევს ყოველ დილით უყურო დედას, რომელსაც თვალზე ცრემლი უგორდება. მამას, რომელსაც დიდი ბურთი ეჩხირება ყელში. მოგიტანენ წამალს. უყურებ თითოეულ ჩამოვარდნილ წვეთს, რომელიც გადის მილში და შენს სხეულს უერთდება. თითქოს ვერაფერს გრძნობ, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდები, რომ შიგნიდან გჭამს, გსპობს და გასუსტებს. ცდილობ არ შეიმჩნიო, ტკივილს გაექცე, მაგრამ ის მაინც აჩრდილივით დაგსდევს. თავს გახსენებს, რომ ის არსებობს. ქუჩაში თვალს გაყოლებენ. პატარა ბავშვები დაგაცქერდებიან, მშობლებს ჩურჩლით კითხავენ-დეეე ნეტავ რა სჭირს?...
ბრუნდები შინ და დაფიქრდები, რამდენი ადამიანი დაგიდგა გვერდში, რამდენმა ჯიბე დაიცარიელა შენს გადასარჩენად, რამდენმა გაიმეტა ლარი, რომ შენთვის ასე საჭირო, სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი - თანხა შეეგროვებინათ. შენ დავარდები, მაგრამ ისევ წამოდგები. ეს არის ის, რასაც „კანიდან გამოძრომა“ ჰქვია. ეს სევდა და გულგატეხილობაა. ყველაფერი მაშინ რთულდება, როცა ახალ გამოღვიძებულს კითხვა გიჩნდება-დღეს თუ გავუძლებ? გადავიტან? შევძლებ? გადავრჩები?... მერე კი შენს თავს დაარწმუნებ, რომ ყველაფერი მოგვარდება და ყველაფერი კარგად იქნება.
ეს ჩემი ცხოვრებაა. რთული ცხოვრება, რომელიც თან
თვალისმომჭრელი თამაშია, პარაშუტით გადმოხტომაა, რისკია. ეს
ყველაფერი მე გავიარე, გავუძელი და გავიმარჯვე. მე დავიჯერე
ბედნიერი დასასრულის. მიუხედავად ძნელი დღეებისა, არ დამიკარგავს
ღიმილი, რომელიც ძალით, მაგრამ მაინც დასთამაშებდა ჩემს სახეს, რადგან
მე პოზიტივის დედოფალი ვარ! სხვანაირად არ შეიძლება. მე ხომ ამერიკულ
მთებზე ვზივარ და მხოლოდ წინ მივისწრაფი.
ლედი მეგრელიშვილი